საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის აუცილებლობა არ არსებობს.
მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განცხადებები ბაქოში, რასაც გარეჯში დაძაბულობა მოჰყვა, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტმა საკითხი მთავრობასთან არ შეათანხმა და მოლაპარაკებები თვითნებურად აწარმოა. ეს ქმედება კი კონსტიტუციის იმ ნორმას არღვევს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობს ამ საკითხზე დიდი ხანია და რა საკვირველია ვიზიტის დროს საკითხები განსახილველი აზერბაიჯანში თემები შეთანხმებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მამუკა მდინარაძის თქმით კი პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება განცხადებები მთავრობასთან შეათანხმოს.
„გარკვეული დეტალიზაცია, გარკვეული პოპულისტობა პოლიტიკური განცხადებები რომელიც არ ჯდება არაფერში და თავის მხრივ ანტისახელმწიფოებრივ ელფერს იძენენ ხოლმე ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ურთიერთობისათვის უკიდურესად დამაზიანებელი და სჭირდება ყველა ამ დეტალს ძალიან გაფრთხილება. ეს მოდით ვკითხოთ მთავრობის წარმომადგენლებს. საკითხი, რომელიც შეეხება განცხადების გაკეთებას არ უნდა შეთანხმდეს, საკითხი რომელიც შეეხება წარმომადგენლობას მოლაპარაკებებს და ა.შ. აქ გვჭირდება ხოლმე საერთო პოზიცია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






