დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის დელიმიტაციის საკითხს და ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წელს უკვე არსებობდა ხელშეკრულების მონახაზი, რაც პრობლემას მოაგვარებდა.
„გვქონდა მომზადების პროცესში ხელშეკრულება, რომლითაც ხდებოდა ურთიერთინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, სადღაც ტერიტორიების გაცვლით, სადღაც სხვა რაღაც ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, ამ საკითხის მოგვარება,“ - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, პრობელმა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამწვავდა. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხი, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ გამწვავდა, რის გამოც ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.
„ივანიშვილი საკუთარი ფულისთვის ყიდის საქართველოს და თითოეული მოქალაქის ინტერესებს. როცა გყავს ჩვეულებრივი მეჯღანუაშვილი, ჩვეულებრივი ქორვაჭარი საქართველოს დირექტორად, რომელიც ფეხებს იწმენდს საკუთარ ხალხზე, თქვენ რა გინდათ, რომ აზერბაიჯანმა გვცეს პატივი, თურქეთმა გვცეს პატივი?“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ იქნება თანხმობა, ის მზადაა გამოიყენოს თავისი კავშირები ბაქოსთან და ჩაერთოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში.
„აზერბაიჯანში რომ ავტორიტეტი მაქვს, ყველა ქართველს, ვინც ყოფილა აზერბაიჯანში, ყველამ ზედმიწევნით იცის... აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მე მაქვს უკიდურესად თბილი, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






