გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ჭიათურაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს.
„11 დღეა, ადამიანები შიმშილობენ და დღეს უკვე ამ პროტესტს შეუერთდა მთელი ქალაქი. ამის საპირისპიროდ ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან, თითქოს კომპანიამ უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი თავის თანამშრომლებთან ერთად, თითქოს ხელისუფლების ფუნქცია ამ ვითარებაში არის ნული და უნდათ, რომ რაღაცნაირად გაუწიონ ამ პროცესისგან. როცა მათ ხმები სჭირდებოდათ საარჩევნოდ, ძალიან კარგად ჩაბრძანდნენ იქ „ქართული ოცნების“ ლიდერები და დაპირებები გასცეს, რომ დღესვე დაიწყება პრობლემების მოგვარება ამ ადამიანებისთვისო. რა მივიღეთ? სამწუხაროდ, ისევ და ისევ მოტყუებული ჭიათურელები, მოტყუებული მაღაროელები და პროტესტის უკიდურესი ფორმა.
მოვუწოდებ პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბახტაძეს, რომ თავიდან ნუ კი ირიდებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ჩადით, დაინტერესდით და ჩართეთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






