ყველაზე მძიმე და ძალადობრივი საპრეზიდენტო არჩევნები, ადამიანთა დაშინებისა და მოსყიდვის ახალი მეთოდები - ეს ის პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლიც სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.
ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშში ყურადღება სარალიძის, მაჩალიკაშვილისა და ხელისუფლების მიტაცების საქმეებზე გამახვილდება.
„წინა წელს განსაკუთრებით მძიმე პრობლემა იყო დაკავშირებული სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, ასევე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ასევე პრობლემები რომელიც შეიქმნა არჩევნების დროს. მთავარი პრობლემა რასაკვირველია არის ხელისუფლების მიტაცება და ეს რასაკვირველია, ჩვენ თავისუფალი მოქალაქეებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, ნინო ლომჯარიამ არაფორმალური მმართველობის შესახებ ხაზგასმით უნდა ისაუბროს.
„ხედავთ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები არ არსებობს სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, ძალოვანი სტრუქტურები ეს არის ერთი ადამიანის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც იმართებიან არა სახელმწიფოებრივი არამედ სხვა მიზნით. არაფორმალური მმართველობის შესახებ სახალხო დამცველმა უნდა ილაპარაკოს უფრო ხმამაღლა და უფრო თამამად,“-აცხადებს გოცირიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესებულია.
„ცალსახად ის ცალკეული შემთხვევები ,რომელზეც არის საუბარი მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად ამ კუთხით არის გაუმჯობესებული მდგომარეობა, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, რომელსაც მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან,“-ამბობს კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






