გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ იმერეთში ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, ეს არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე.
„ჩვენს ოპონენტებსა და გარკვეულ მედიასაშუალებებს პოლიტიკურ ჭრილში გადაყავთ ეს თემა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდა. სამწუხაროა, რომ ახმელა სპეკულაციები ხდება ისე, რომ ტექნიკური დეტალები არავის მოუკითხავს. ეს არის 2017 წლიდან დაწყებული თემა, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა გადაწყდა ქუთაისის ტერიტორიაზე. მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ რეალურად იქ იყო დაზიანებული, გამხმარი ხეები, რომელთა ამოღება ისედაც ხდება და სანიტარულადაც საჭიროა. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებით, იქ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, მათ შორის უკვე არსებული პრობლემების გამოსწორებასაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა.
2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ შემდეგ ხეებს მოჭრის:
იმერული მუხა - 60 ხე;
ძელქვა - 49 ხე.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, ასოციაცია "ატუმ"მოჭრილი მერქანი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს.
ფაქტს მძიმე პოლიტიკური შეფასება მოჰყვა. "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულაია საქართველოს პრემიერს აკრიტიკებს: "გასცა განკარგულება, ვითომ ბაბუამისისამა დარგო რომელიმე ხე, იმდენი მაგის დედაც".
ეკოლოგისტები კი ეკოლოგიურ გენოციდზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






