დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია - ეს იფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა, რომელიც გარეჯში იმყოფება.
„აქ როგორც ჩანს, ფაქტობრივად ტექნიკა არ მუშაობს, გაყვანილია, თუმცა ეს საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან"- თქვა სასულიერო პირმა.
მისი თქმით, ვერაფრით შეეგუება ეკლესია იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ირღვეოდეს.
"1996 წელს ორ სახელმწიფოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წელს შედგენილი რუკის მიხედვით და შემდგომში სადემარკაციო კომისიის მუშაობამ ძალიან სავალალო შედეგი დადო. იმ საზღვრიდან გაცილებით შიგნით არის, კომისიის მიერ დადგენილი ხაზები. სავარაუდოდ 250-300 მეტრით აქეთაა. რთული პროცესია, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან თუ გაერკვევა. საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და ჩართული იქნება ამ პროცესებში.
არ მგონია, რომ უშუალოდ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ. გვექნება ალბათ მუდმივი მონიტორინგის მსგავსი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ყველა იმ უწყებასთან, ვინც ჩართული იქნება ამ პროცესში.
რითიც შეგვეძლება დავეხმარებით. აქ პრობლემა ალბათ საერთოა. გვმართებს, რომ გაცილებით უფრო გამჭვირვალე და ცხადი იყოს პროცესი. ხალხის მოთხოვნაა ასეთი, რომ ეს მოლაპარაკებები, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რომ თითოეული დეტალი გაცხადდეს და ვიცოდეთ რა პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






