თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობა - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით თსსუ-ის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და AMEE-ს საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელმა ტრევორ გიბსმა მიმართეს.
მათ აღნიშნეს, რომ AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნა არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებაა. ცენტრის გახსნით, საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი ხდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.
ასევე, აღინიშნა, რომ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში საქართველოსთვის ეს უკვე მეორე აღიარებაა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ჰაბად: თავდაპირველად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ მააკრედიტებელი სააგენტოს სტატუსი მიენიჭა, ახლა კი – უკვე AMEE-ს მესამე წარმომადგენლობა გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზეც მეტყველებს.
„AMEE-ს მხოლოდ 2 რეგიონული წარმომადგენლობა აქვს გახსნილი, მესამე წარმომადგენლობის ამოქმედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს. ამის საფუძველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებებია სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლისა და სწავლების სფეროში, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაში, ასევე, ეფექტური მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. AMEE-ს რეგიონული ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერებთან, მათი გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე სტანდარტების ეფექტურ ამოქმედებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგის კიდევ უფრო ამაღლებას.“ - აღნიშნა, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას შორის, საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის თაობაზე მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები