როგორც "ნიუპოსტს" შაშკინმა განუცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქვეყანა არ უყვარს. ყოფილი მაღალჩინოსანი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მეომრის, გია ცერცვაძის მაგალითს იხსენებს, როცა მისი მონაცემები ოკუპანტი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა და დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლების თანამშრომლობა რუსეთთან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კიდევ უფრო გამოაშკარავდება.
"საქართველო რუსეთის ფედერაციასთან საომარ ვითარებაში იმყოფება. ოკუპანტი ქვეყანა ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა და მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები... ასეთ ვითარებაში ბუნებრივია უნდა იყოს კონკრეტული ნორმები და ეს ნომრები წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, რომელიც ერთი მხრივ გვაძლევდა საშუალებას დაცული ყოფილიყო ჩვენი ეროვნული ინტერესი ვაჭრობის სფეროში, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციასთან და მეორეს მხრივ, სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები ყოფილიყო დაცული. მსგავსი პრეცენდენტები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითისთვის, გამორიცხულია აშშ-ის სახელმწიფო ფული, ირანთან სავაჭრო ურთიერთობაზე დაიხარჯოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ფული რუსულ კომპანიებზე და ჯაშუშობაში ბრალდებული ხალხის შპს-ებზე არ იხარჯებოდეს, იმიტომ რომ გარდა აშკარა სახელმწიფო საიდუმლოებისა, არსებობს უამრავი სხვა ინფორმაცია, რომლმაც შეიძლება დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი.
თუ ვინმეს დაავიწყდა მინდა ყველას შევახსენო 2013-14 წლებში მომხდარი ფაქტი, როცა საქართველოს განათლების სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას გეოდეზიის რუკები გადასცა, რომელსაც პირდაპირ გრიფი საიდუმლო არ ჰქონდა დადებული, მაგრამ შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული სამხედრო თვალსაზრისით.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ხანში, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, მოსახლეობისთვის ბევრად უფრო მძიმე ფაქტები გახდება ცნობილი ვიდრე რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტის საქართველოს ბიუჯეტიდან გამდიდრება და რუსული კომპანიების ტენდერში გამარჯვებაა. ეს არის, დანაშაულებრივი თანამშრომლობის ოკუპანტ სახელმწიფოსთან... მინდა შეგახსენოთ ჩვენი სპეცრაზმელის საქმე, რომელიც დაკავებულ იქნა რუსეთის მოთხოვნით და ამ მოთხოვნაში იყო მისი საპასპორტო მონაცემები, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველო არ უყვარს".
"ეს ხელისუფლება საქართველოს უყურებს, როგორც გამდიდრების წყაროს. მათი ამოცანა არა ქვეყნის მშენებლობა, არამედ გამდიდრებაა. ამას ესენი ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე აკეთებენ. ხელისუფლებისთვის გაუგებარია, რა არის პატრიოტიზმი, ქვეყნის მიმართ სიყვარული, ისინი რუსეთს უყურებენ როგოც უფროსს. აქიდან გამომდინარე სახეზე პრობლემების კომპლექსია - აქ არის ფული და აქ არის მსოფლმხედველობა"- განმარტა დიმიტრი შაშკინმა.
ცნობისთვის, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და აღწერდა, როგორ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი საქართველოს ბიუჯეტიდან კვლავ ათასობით ლარს იღებს. გაირკვა, რომ დევრიშაძის კომოპანიები სახელმწიფო ტენდერებში ისევ მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც.
მაგალითად, თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გასული წლის 29 ნოემბერს, „გლობალ თრეიდ გრუპს“ ხელშეკრულება გაუფორმა. ამავე კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც. დოკუმენტი 2018 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება.
მასალის გამოყენების პირობები






