ნიკა მელიას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლის ტაქტიკაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ გუნდში სტრატეგიაზე და პრინციპებზე თანხმდებიან.
როგორც მელიამ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას აღნიშნა, ხელისუფლების შეცვლის კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ფუჭი მოლოდინების შექმნა მიზანშეწონილი არ არის.
“მომხრე ვარ ყოველგვარი აქციის. როგორ შეიძლება მელიას დააბრალო, რომ არ უნდა პროცესების რადიკალიზაცია, რომელიც მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, მაგრამ თარიღის დაკიდება ერთ კონკრეტულ დღეს და დიდი მანიფესტაციის მოწყობა ისე, რომ იქიდან შედეგით ვერ წამოვალთ, იქნება მთელი ოპოზიციური მოძრაობის მარცხი”, - განაცხადა მელიამ.
დეპუტატის თქმით, არჩევნების დღეს მის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ, რომ არ შეიძლება “წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება” არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და რევოლუციის დაანონსება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა უახლოეს პერიოდში აპირებს, მას პირადად შეხვდეს.
“მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მონაგარი და თუკი ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, ეს პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილია იმიტომ, რომ დიახაც, შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს, ვიდრე შესაძლებელია [ხედავდეს] ჩვენი მეგობარი, ლიდერი, რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა”, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ეს ნორმალური ამბავია.
ამასთან ნიკა მელიას თქმით, ის არ იზიარებს სანდრა რულოვსის აზრს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნებით არ შეიცვლება.
“სადაც ჩვენ ვართ გასაძლიერებლები, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ უძლეველობა დავაბრალოთ ბიძინა ივანიშვილს… ვამბობდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ არჩევნებით… ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში კი არა, ჯოკერი რომ ვეთამაშოთ, ჯოკერიც უნდა მოვუგოთ. დიახაც, პოლიტიკურ პროცესში არჩევნების, როგორც კომპონენტის ამოღება, არის წარმოუდგენელი”, - თქვა მელიამ.
დეპუტატი ადასტურებს, რომ თავდაპირველად პარტიაში და პირველ რიგში თვითონ განიხილავდა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატურის დაყენების საკითხს, თუმცა, როცა მისთვის ცნობილი გახდა სანდრა რულოვსის სურვილის შესახებ, კენჭი ეყარა მერის პოზიციაზე, პირველი იყო, ვინც მას მხარი დაუჭირა.
ნიკა მელიას თქმით, სადაც სანდრა რულოვსი თუ გრიგოლ ვაშაძე იქნებიან, იქ იქნება თვითონაც და პირიქით.
მელიას თქმით, “ვერც სახელისუფლებო ორბიტაზე და ვერც ოპოზიციურ ფლანგზე რიგი პოლიტიკოსები” ვერ მოესწრებიან “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებას.
“დღეს ღალატია ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც გამოიწვევს განხეთქილებას. ერთობას ალტერნატივა არა აქვს”, – დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






