საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩაწყობილი მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
კობიაშვილის თქმით, ის გამოძიების დასრულებას არ დაელოდება და დაკავებული ფეხბურთელების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები გატარდება.
„ჩვენ ფეხბურთის ფედერაციაც და უამრავი სხვა ადამიანიც არასდროს არ შევეგუებით იმ საქციელს რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. საქციელი, რომლეიც არამარტო მათ ეხებათ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ აზიანებს მთელს ქართულ ფეხბურთს. ჩემი პირველი დღიდან ვებრძვით, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და მომავალშიც ასე იქნება, არ შერჩება არც ერთ ადამიანს ვინც აძლევს თავის თავს ამის უფლებას რომ ამხელა ზიანი მიაყენოს" - აღნიშნა კობიაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დაკავა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, რატი იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ლაშა ჩაფიძე და ირაკლი ხუჭუა.
უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულებმა, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის 93 500 ლარი აიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






