გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ზუგდიდის მოსახლეობას მიმართავს და სიმტკიცისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს.
იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს სწორედ ოპოზიცია იგებს და მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ ოპოზიცია ყველა ხმას დაიცავს.
„ჩემო ზუგდიდელებო, ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდა-ბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა და მზრუნველობა და მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი მთელი რესურსები და მთელი ენერგია. თქვენ იცით, რომ 25 წელია, მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მოუტანა 7-წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს - უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
სანდრა რულოვსი ზუგდიდელებს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ის მოსახლეობის გვერდით დადგება და რეგიონის წინსვლისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით, ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში, აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით. ჩემს და თქვენს სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას შორის ვერავინ ჩადგება, ვერც ზონდერი, ვერც პროვოკატორი და მითუმეტეს, ვერც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რადგან ჩვენი პოლიციის შინაგანი ძახილია ემსახუროს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და არ იყოს ვათანძარა მბრძანებლის მონა და მსხვერპლი. ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და ხალხთან ერთად გადავაქციოთ ზუგდიდი საქართველოს ევროპულ კარიბჭედ, სწრაფი განვითარების მთავარ ცენტრად, სადაც ემიგრანტები დაბრუნდებიან და სადაც ადამიანები დასაქმდებიან და მიაღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ - მა მიორსზუგდიდი," - აცხადებს სანდრა რულოვსი.
მასალის გამოყენების პირობები






