ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელთან დაკავშირებითაც სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის, სავარაუდოდ, საარჩევნოდ ადამიანებზე ზეწოლაზე საუბრობს და არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღების მიზნით, ადამიანების გატაცების შესაძლებლობასაც განიხილავს, დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. დაკითხვიდან გამოსული დანელია აცხადებს, რომ ფირი მონტაჟი და ფაბრიკაციაა:
„პროკურატურას ჩემთან რა კითხვები ჰქონდა, ამას გამოძიება რომ დამთავრდება, ფართო საზოგადოებას მოახსენებენ. არ გინდათ ამდენი შეკითხვები. მე ვამბობ, რომ ეს არის მონტაჟი, ფაბრიკაცია და არ შეესაბამება რეალობას. ორი წლის წინ მქონდა საუბარი ერთ-ერთ პიროვნებასთან და როდესაც ჩანაწერი გავაანალიზე, ვფიქრობ, რომ ის გახლდათ დაინტერესებული, რომ ეს ჩანაწერი გაეკეთებინა და გაესაჯაროებინა. მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს პიროვნება ფარულად თანამშრომლობდა იმ პირებთან, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. მან აიღო ჩემი ხმის ჩანაწერი, გააკეთა მონტაჟი და დაადო სასურველი ტექსტი. მე როგორც დილეტანტი, ჩანაწერებთან საქმე რომ არ მქონია, როგორც ექიმმა გავაანალიზე და ვამჩნევ, რომ ჩემი ტუჩემის მიმიკა და ტექსტი ერთმანეთს არ ეთანხმება. რაფავამ ჩემი ჩანაწერი აიღო და ჩემი ხმა დაადო. ჩანაწერი არის მიკერილი, არ არის მთლიანი, მსგავსი შინაარსის საუბარი არ მქონია,“- განაცხადა დანელიამ,
მასალის გამოყენების პირობები






