"მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ლგბტქი პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვა" - პლატფორმა "არა-ფობიას"
პოლიტიკა - 11:03, 17 May, 2019     775

პლატფორმა "არა-ფობიას!" "ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს" ეხმაურება.

"დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT). სწორედ ამ დღეს ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევახსენოთ ის გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს ქვეყანაში.

ა) შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

ამ დღის აღნიშვნა 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო სიიდან ამოღებას უკავშირდება. 2004 წლიდან კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 17 მაისი მასობრივი დემონსტრაციებით აღინიშნება. საქართველოში ლგბტქი თემის წარმომადგენელებმა მასობრივი დემონსტრაციით IDAHOT-ის აღნიშვნა პირველად 2012 წლის 17 მაისს სცადეს, რასაც მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოჰყვა. უკვე 2013 წლის 17 მაისს კი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ფუნდამენტალისტური განწყობების მქონე პირებმა დომინანტი რელიგიური ჯგუფის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, გამართეს კონტრაქცია გაცხადებული მოტივით - ფიზიკურად გასწორებოდნენ სექსუალურ უმცირესობებს და მათ მხარდამჭერებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს პოზიტიური ვალდებულება, შეექმნათ უსაფრთხო პირობები აქციის მონაწილეთათვის. ღია ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, საბოლოოდ კი, დემონსტრატებს არ მიეცათ აქციის მშვიდობიან პირობებში ჩატარების შესაძლებლობა. საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირება გაამძაფრა მომდევნო წელს საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისის "ოჯახის სიწმინდის" დღედ გამოცხადებამ, რითაც გაძლიერდა ჰომოფობიური განწყობა, რომ თითქოს LGBTQI თემის წარმომადგენელთა მიერ IDAHOT-ის აღნიშვნა ქართული საზოგადოების კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამ უფლებით მოსარგებლე პირების დასაცავად, მათ შორის გამოიყენოს საპოლიციო ძალა იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ და საფრთხეს უქმნიან მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, ამდენი წლის შემდეგაც კი LGBTQI თემის წარმომადგენლები კვლავ დგანან იმავე რისკების წინაშე, რაც მათ ხელს უშლის უფლებით სარგებლობაში.

ბ) სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები

უახლეს წარსულში განვითარებული მოვლენები LGBTQI თემის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობაზეც მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი უმცირესობათა მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილ ქმედებებს პასუხისმგებლობის დამამძიემებელ გარემოებად მიიჩნევს, წლების განმავლობაში შესაბამისი ორგანოები თავს იკავებდნენ ამ ნორმების გამოყენებისგან. ხაზგასასმელია, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს საქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის გამო ბრალდებული პირები. წინასასამართლო სხდომაზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა კონტრაქციის მონაწილე სასულიერო პირის მიმართ, ხოლო 2013 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბევაში მონაწილე ოთხ პირს მინიმალური სახდელის სახით 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამდენად 2013 წელს გამოვლენილი აგრესიის გამო ადეკვატურად არავინ დასჯილა. სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები და მათი არასათანადო გამოძიება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ მსხვერპლები ხშირ შემთხვევაში მეორადი ვიქტიმიზაციის შიშით და სამართალდამცავი უწყებების მიმართ არსებული უნდობლობის გამო, საერთოდ არ მიმართავენ მათ და ამდენად ბევრი დანაშაული უხილავი რჩება. საბოლოოდ, სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობამ და არასათანადო რეაგირებამ საზოგადოებაში ჰომოფობიური, არატოლერანტული განწყობები კიდევ უფრო წაახალისა.

გ) სექსუალური უმცირესობები, როგორც პოპულიზმის იარაღი

2018 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით მმართველმა პარტიამ "ქორწინების ცნება" განმარტა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რაც სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს ნაბიჯი ამომრჩეველთა გულის მოსაგებად იყო გამოყენებული. ამგვარი მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე (ამ შემთხვევაში LGBTQI თემზე) არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ქმნის საზოგადოებაზე ზრუნვის ილუზიას და დროებით თითქოსდა აკმაყოფილებს საზოგადოების ნაწილის მოთხოვნებს.

დ) სიძულვილის ენა

ხშირია პოლიტიკური პირების მიერ, წინასაარჩევნოდ, პოპულისტურ ნიადაგზე ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელების შემთხვევებიც. მაგალითად, 2018 წლის 30 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას (მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმით არის გათვალისიწნებული). ასევე არაერთხელ გამოვლინდა საქართველოს პარლამენტისა თუ მთავრობის წევრებისაგან ლგბტ ჯგუფის სიძულვილის ენით, დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების ფაქტები. მათ შორისაა მაგალითად, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფო არ აღიარებს ლგბტქი პირთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის სისტემურ პრობლემას და მეტიც, ამგვარი განცხადებებით თავად უწყობს ხელს სიძულვილის გაღრმავებას საზოგადოების ჯგუფებს შორის.

ე) საზოგადოებრივი განწყობები

საზოგადოებაში არსებული მწვავე ჰომოფობიური განწყობები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა , როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამს საფეხბურთო მატჩზე ლგბტქი პირთა მხარდასაჭერის ნიშნად, სამკლაურით ითამაშა. კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოების წევრებმა ეს მხარდაჭერა LGBTQI თემის პროპაგანდად მიიჩნიეს და გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვაც მოითხოვეს. საზოგადოების ნაწილის ამ პათოსს იზიარებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც.

ვ) LGBTQI თემის მდგომარეობა ქვეყნის სოციალური ფონის კონტექსტში

დღეს სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს დასაქმება, სიღარიბე, საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა. ამ პრობლემების კვალდაკვალ და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გათვალისწინებით, აღნიშნული ფონი დისკრიმინირებულ ჯგუფებზე, მათ შორის LGBTQI თემზე ორმაგად მძიმედ აისახება, მათ შორისაა მათი დასაქმება, განათლება, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა თუ სხვა.

ზემოაღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლების მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და შემოიფარგლება ფორმალური საკანონმდებლო (ან იშვიათ შემთხვევაში პრაქტიკული) გარანტიების შექმნით. ერთ-ერთ ასეთ გარანტიას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რაც, თავისთავად, სახელმწიფოს მიერ მიღებულ დადებით, თუმცა არსებული პრობლემების დაძლევისთვის არასაკმარის ზომას წარმოადგენს. ხელისუფლებას არ გააჩნია სისტემური ხედვა, რითაც უზრუნველყოფდა ლგბტქი ადამიანების ინკლუზიას, თანასოწორობის დაცვას, ძალადობის პრევენციას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეიმუშავოს ერთიანი ხედვა ჰომოფობიის სისტემური პრობლემის გადასაჭრელად, უზრუნველყოს ლგბტქი პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ მიერ საჯარო სივრცეებით მშვიდობიანი სარგებლობა, მოახდინოს ძალადობის პრევენცია და სათანადო რეაგირება ჰომო-ტრანსფობიურ დანაშაულებზე, ხელი შეუწყოს განათლების, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში ლგბტქი პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვას" - აღნიშნულია "არა ფობიას" განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენენ ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საფარი (Sapari), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI-Georgia)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42