შეხვედრაზე საზოგადოებას ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ მიმართა და აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში მისი დედის, ია კერზაიას საქმეზე სამართალს ვერ მიაღწია. შენგელიას თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, 19 მაისს არა უბრალოდ არჩევნები, არამედ პლებისციტია.
„ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი ოჯახის წევრები, რომელთაც ამ ხელისუფლებამ და მისმა მაღალჩინოსნებმა გამოგვისალმეს სიცოცხლეს ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, ადამიანს რაც შეიძლება ჰყავდეს, არის დედა. მე ვარ შვილი, რომელიც 6 თვეა, ვიბრძვი ყოველდღიურად, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს უდიდესი დანაშაული. პასუხად ვიღებ სიმუნჯეს. ამ ხელისუფლებას გამოასალმა თავისი ძალადობრივი კამპანიით ადამიანი, რომელიც 37 წელი ემსახურებოდა ქვეყანას, ამ ქვეყნის განათლებას, აღზარდა უამრავი თაობა. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ღირსეული ზუგდიდელი, ეს არის ადამიანი, რომელიც სიკვდილამდე მიიყვანეს და არაფერს აკეთებენ იმისთვიუს, რომ დასაჯონ დამნაშავეები. 19 მაისს არ არის უბრალოდ არჩევნები, 19 მაისს არის პლებისციტი, სადაც მოძალადეებს, კრიმინალებს, ადამიანის მკვლელებს ჩვენმა ღირსეულმა ქალაქმა და რაიონმა უნდა უთხრას - არა... მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირალებმა, ესენი ამ საქმეს არ გამოიძიებენ. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






