ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ვითარება ისევ დაძაბულია. კომისიის სხდომაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და კომისიის თავმჯდომარისგან მოითხოვენ რომ გადადგომის საკითხი დააყენოს, თუმცა ლევან ბეჟაშვბილის თქმით, ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობას კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არ იძლევა:
„ვნახეთ, რომ ქალბატონი საოლქო კომისიის თავმჯდომარე მესხი არღვევს კანონს. 150 საჩივარია და ერთი საჩივარი არ განხილულა. ვნახეთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ სამაგიდო სიები დაარიგეს, ბეჭდები დაარიგეს, რითაც სანდოობა დაირღვა საარჩევნო პროცესის, ამიტომ ჩვენმა კომისიის წევრმა დააყენა საკითხი, თავმჯდომარის გადადგომის შესახებ, ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობას კომისიის თავმჯდომარე არ გვაძლევს.
დღეს ქალბატონი თამარ ჟვანია უნდა იყოს აქ, იმიტომ რომ ყველაზე ცხელი წერტილი სადაც ყველაზე აღვირახსნილი დარღვევები ხდება კანონმდებლობის ხდება აქ, ქალბატონი თამარი ტელევიზიით კი არ უნდა გვიყურებდეს აქ უნდა ამყარებდეს წესრიგს“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია მირანდა მესხის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც მან სამაგიდო სიები და ბეჭდები გასცა. ოპოზიციამ ის უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა, პროტესტის შემდეგ, სიები უკან დაბრუნდა, ბეჭდები კი ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






