ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან მას კანონი არ დაურღვევია. როგორც მირანდა მესხმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა თუ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულია არგუმენტებით უნდა დადასტურდეს და გამოძიებით დადგინდეს.
„კანონი არ დამირღვევია სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რაზეც გაჩნდა ეჭვი და დაისვა კითხვის ნიშნები, ისევ იმ სანდოობის გაზრდის მიზნით, გამჭვირვალობისთვის, მობრუნდა და დაიწყეს თავიდან, პირველი ორი უბნის სია გადაითვალეს. ეგ უნდა დაედგინათ, იყო თუ არა რაოდენობა სრული და აკლდა თუ არა რომელიმე გვერდი, ესეც მიატოვეს, თემად ააგორეს და მორჩა, გადავიდნენ მეორე მოთხოვნაზე, რაც შეეხება რეგისტრატორების ბეჭდებს და უბნის ბეჭდებს, ეს გაიცა დალუქულ მდგომარეობაში. რაც შეეხება სარეგისტრაციო ჟურნალის, კომისიის წევრები აფიქსირებენ სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული რეკვიზიტების შესაბამისაობას გაცემულ რეკვიზიტებთან. კომისიის წევრებმა აღიარეს, განაცხადეს, რომ არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. სიები აქ არის ეს შესაბამისად გაიცემა არაუგვიანეს 12 საათისა დაცვის პოლიციის თანხლებით, სიები არ ილუქება, გაიცემა ჩვეულებრივად პოლიეთილენის პარკებში ჩადებული, არასოდეს არ დალუქულა და არც ილუქება კანონმდებლობის შესაბამისად. ილუქება ბიულეტინები, რეგისტრატურის ბეჭდები და უბნის ბეჭედი. თვითონ ესენი რას აცხადებენ, ეს არის მხარე და მათ პოზიციებში მე ვერ ჩავერევი და შესაბამისად დაადასტურებენ ალბათ რა არგუმენტებსაც წამოაყენებენ. თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, გამოძიება დაინტერესდება ამით და დაადგენს. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას მე ვიტვირთე ეს უფლებამოსილება და განვახორციელებ ბოლომდე.“- განაცხადა მირანდა მესხმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბების მცდელობაში და ამომრჩეველზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის მტკიცებით, გუშინ საოლქო კომისიიდან უპრეცენდენტოდ ადრე გავიდა სიები და ბეჭდები. უბნებზე არჩევნებამდე 5 დღით ადრე სიების მოხვედრა მმართველ გუნდს საშუალებას მისცემდა ამომრჩეველი დაეშინებინა და მათზე ზეწოლა განეხორციელებინა. ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს და აცხადებენ, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
მასალის გამოყენების პირობები






