ზუგდიდში საოლქო კომისიასთან, კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაული აღკვეთა და საარჩევნო სიები, რომელიც კანონდარღვევით გავიდა საოლქო კომისიიდან ადგილზე დააბრუნა. დეკანოიძის თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აუცილებლად უნდა გადადგეს, რადგან მან გუშინ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
„ჩვენ მოვიპოვეთ უდიდესი გამარჯვება, სიები ყველა დაბრუნდა ადგილზე, დღეს გამოაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამყალბებელმა ჟვანიამ, რომ ახალი ბეჭდები დალუქულ მდგომარეობაში წამოვა თბილისიდან, რომელსაც ასევე გავაკონტროლებთ. მაგრამ ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა, ჟვანიამ ის უნდა გადააყენოს, ვინაიდან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რის ჩადენასაც ისინი გუშინ ცდილობდნენ. თუ არ გადააყენებს, გადავაყენებთ ჩვენ.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






