პარტია „კანონი და სამართალი“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებამდე საპროტესტო აქციებს გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ ასეთი გადაწყვეტილება ზუგდიდში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღო.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებისთვის ხმის უფლების წართმევას ცდილობს, რასაც „კანონი და სამართალი“ არ დაუშვებს.
„ვინაიდან ამის საშიშროება შეიქმნა, ვფიქრობთ, ხმები უნდა დავიცვათ არჩევნების შემდეგ კი არა, ახლავე, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოხდეს. დავაანონსეთ და ახლა უბრალოდ რაღაც ორგანიზება ხდება, ზუგდიდშიც და საქართველოშიც ჩვენ დავიცავთ ხმებს. თუ დაგვჭირდება კარვებში დავსხდებით. 21-ე საუკუნეა და უბრალოდ უხერხულია. ვხედავთ, რომ ასეთი არადემოკრატიულობით ხდება ქართლი სახელმწიფოებრიობის დაშლა და მისი გადაბარება რუსეთისთვის. ამას უბრალოდ არ დავუშვებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა ასევე, კომენტარი გააკეთა მედიაში დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“.
თაკო ჩარკვიანის თქმით, პარტიამ უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით. ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენასა და მისი ნამდვილობის შემთხვევაში, „კანონი და სამართალი“ ჩანაწერში ფიგურანტი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






