ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი ფაქტი ზუგდიდში „ოცნებისგან“ - გეგა შენგელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ ხალხს ფულსა და პრივილეგიებს ჰპირდებიან
ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა - ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას წარმომადგენლები მას მხარდაჭერის სანაცვლოდ 150 ლარს სთავაზობდნენ.
შუალედური არცევნების წინ მსგავსი არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა, სწორედ აღნიშნულზე საუბარს გეგმავს დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია:
„ნათელია უკვე, რომ ზუგდიდში არჩევნები ტარდება უკვე ყველა იმ მოთხოვნის უგულებელყოფის გზით, რომელიც დააყენეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ამიტომ რა თქმა უნდა საუბარი გვექნება, იმ დაშინების და მოსყიდვის კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ზუგდიდში,“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ ოპოზიციის კანდიდიატის მხარდამჭერების დაშინების ფაქტებზე საუბრობენ:
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებზე ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, დაშინება. ცდილობენ ჩვენი მომხრეების და ჩვენი აქტივისტების უკანონო მეთოდებით გამოთიშვას საარჩევნო კამპანიიდან და ჩვენ რა თქმა უნდა ამ საკითხებს დავაყენებთ,“-აცხადებს ოთარ კახიძე.
მმართველ გუნდში კი ოპოზიციის განცხადებებს „მარტივ ტყუილს“ უწოდებენ:
„შეუძლებელია ასეთი, ელემენტარული ტყუილების დაჯერება და მარტივი ამბების შექმნა თითქმის არაფრისგან. არაფრიდან გამომდინარე ისეთი ამბების მოგონება, რაც დამაზიანებელია ოპონენტისთვის, როდესაც ერთი მხარე მეორეს აბრალებს რაღაცას. ასეთი ტყუილები, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო გამძაფრდება,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






