გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, აკო მინაშვილის თქმით, გეგა შენგელიას შტაბის მიერ ჯიხაშკარის ინცინდენტის შესახებ გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია. მისი თქმით, ძმები ზარანდიები კარდაკარის მსვლელობისას გამოვარდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს მათ შორის ქალების მისამართით. ოპოზიციას აქვს დაუმონტაჟებელი კადრები, სადაც ეს ყველაფერი ნათლად ჩანს.
"ქართულმა ოცნებამ იცის, რომ წაგებული აქვს ეს არჩევნები და პროვოკაციაზე გადმოდის. არავინ არავისთან არ შეჭრილა. ისინი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალებსაც კი და მას მერე ჩავერიეთ. შამახია იქ სიტუაციის განტვირთვის მიზნით შევიდა", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
მინაშვილმა ჟურნალისტებს შესთავაზა კადრები ერთად ენახათ.
„ძალიან სამწუხაროა რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება აგრძელებს სიყალბეს და ის კადრებიც, რომელიც გვაჩვენებს არის დამონტაჟებული. ყველაფერი პირველ რიგში დაიწყო იქიდან, რომ ეს ადამიანები იქ, ჯიხაშკარში მაცხოვრებლებს აშინებენ და ხელს უშლიან საარჩევნო შეხვედრებზე მოსვლაში. რაც შეეხება ამ შეხვედრებს, ქალბატონი სანდრა აწარმოებდა კარდაკარ შეხვედრებს, როდესაც ეს ადამიანები - ძმები ზარანდიები გამოვარდნენ აგრესიულად, შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ ადამიანებს და მათ შორის გადმოვიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე და არავინ მათ სახლში არ შესულა, მათ შორის თავს ესხმოდნენ ქალბატონებს, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ტელევიზიებს, მათ შორის იმედის ტელევიზიას კარგად ნახონ ეს კადრები, როგორც დაიწყო ეს დაპირისპირება.“- აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით ქართული ოცნება ამომრჩეველთან საუბრის ნაცვლად მათი დაშინებითაა დაკავებული:
„ეს არიან ადამიანები რომლებიც მთელინ ამ ხნის განმავლობაში ჩართულები არიან „ქართული ოცნების“ კამპანიაში და „ქართულ ოცნებას“ რა კამპანია აქვს? ისინი არ ესაუბრებიან ამომრჩეველს, აშანტაჟებენ და აშინებენ, რადგან იციან რომ მაინც წააგებენ ამ არჩევნებს.“- განაცხადა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






