მძიმე მდგომარეობაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის მერის არჩევნების წინ, დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ახალი ტალღა დაიწყო
აფხაზეთიდან დევნილ მარიკა ქარდავასთან მმართველი პარტიიდან მივიდნენ და გეგა შენგელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ 150 ლარი შესთავაზეს.
ქარდავამ მოსყიდვის მცდელობის შესახებ მედიასთან ღიად ისაუბრა:
ორი მცირეწლოვანის დედა ეჭვობს, რომ "ქართულმა ოცნების" წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ ოჯახი სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ მათი მოსყიდვა სცადეს.
"ჩვენთან იყო მოსული "ოცნების" წარმომადგენელი და ხმის მიცემის სანაცვლოდ დაგვპირდნენ, რომ დევნილის ბარათებზე, ერთ ადამიანს 150 ლარს დაგვირიცხავდნენ. ასევე პირადობის მოწმობებს გვთხოვდნენ. ჩემთან რომ მოვიდნენ, მითხრეს, რომ სჭირდებოდათ პირადობა ჩემი და 150 ლარს ჩამირიცხავდნენ თუ 41 ნომერს შემოვხაზავდი"- აცხადებს მარიკა ქარდავა.
მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სხვა ოჯახებშიც იმყოფებოდნენ და მოსყიდვით, ხმებზე ნაირობას ეწეოდნენ.
მარიკა ქარდავა აღნიშნავს, რომ ის "ოცნების" შემოთავაზებას არ დასთანხმდა და ხმა არ გაყიდა.
"მაგ ფულს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მილიონი რომც ჩამირიცხონ, მე ქალბატონი სანდრას მომხრე ვარ და ეს სულ ასე იქნება. შეიძლება 150 ლარის სანაცვლოდ ბევრი დათანხმდეს, თუმცა, მე არ დავთანხმებულვარ და არც ვაპირებ რამის სანაცვლოდ 41 შემოვხაზო..."- თქვა ქარდავამ.
აფხაზეთიდან დევნილი "ნიუპოსტის" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, ზუგდიდში ხელისუფლებამ დევნილების ხმები სურსათის სანაცვლოდ იყიდა.
"ჩვენმა ხალხმა ხმის სანაცვლოდ, საჭმელი აიღო. დარწმუნებული ვარ რომ ამ არჩევნებზეც ძალიან ბევრი იქნება ასეთი"- განაცხადა მარიკა ქარდავამ,
მასალის გამოყენების პირობები






