ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს სოფელ რიყეში ხელისუფლების ზონდერების მიერ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
„დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარს ვაწარმოებდით სოფელ რიყეში და თავს დაგვესხნენ რამდენჯერმე.“- განაცხადა დეკანოიძემ და იმ პირების გვარები დაასახელა, რომლებიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ ირაკლი შელია , ზაზა შელია, ვალერი ტიბულა, საბა ფურცხალავა და ვახანია რომელიც არის მედიის თანამშრომელი.
დეკანოიძის თქმით, ყველაფერი ორგანიზებული იყო სუსის წარმომადგენლის ლაშა ვეკუას მიერ, რომელიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში იმყოფება მუდმივად.
„არავითარი ძალადობა ზუგდიდელების შესაშინებლად არ გამოგივათ, ჩვენთან ჩამოდის დაახლოებით 5000 დამკვირვებელი, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან ზუგდიდელების არჩევანის დაცვაზე. არავითარი თავდასხმის არ გვეშინია და არ ეშინიათ ზუგდიდელებს. ხელისუფლებას ძალადობის გარდა მეტი შეთავაზება არ აქვს. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს რომ ფრონტის ხაზზე ვართ და რომ ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, მათ პოლიციაში შეტანილი აქვთ განცხადება დღეს მომხდარ ფაქტებთან დაკავშიერებით, მისი განცხადებით მან პოლიციას ჩვენება მისცა და მიაწოდა იმ პირების ვინაობაც, რომელიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






