გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას“ მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხადრდასაჭერად ოპოზიცია კარდაკარს ატარებდა, რა დროსაც მათ დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი პროვოკაციაზე წამოგება სუს-ის თანამშრომლებმა სცადეს, ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის გეგა შენგელიას შტაბის წევრებიც, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მათ საქმიანობაში ჩარევას.
ოპოზიციის წევრებმა ადგილზე დააფიქსირეს სოფლის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც მათი თქმით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. ზურაბ ვახანიას სამართალდამცავებმა შეჩერება სთხოვეს, თუმცა, ის მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ტერიტორია დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცყოფის მცდელობას. მომხდარზე კომენტარი ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთი და იგივე ადამიანები ორი დღეა ცდილობენ მათ პროვოკაციაზე წამოგებას:
„უკვე მეორე დღეა ეს ჯგუფი კვალდაკვალ დაგვსდევს და ცდილობს შეხვედრების ჩაშლას, გამოირჩევიან აგრესიულობით, სიტყვიერ შეურაცხყოფებს გვაყენებენ, ცდილობენ წამოგვაგონ პროვოკაციებზე, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაიზარდოს, ჩვეულებრივი სუს-ის აგენტები არიან, სუს-ის მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ერთი და იგივე მესიჯბოქსით მოძრაობენ, ერთსა და იმავე აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ, ფაქტია, რომ ხელისუფლება უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ასეთი ფაქტორებით ცდილობს რაღაცნაირად ჩვენი კამპანია შეაფერხოს, თუმცა პირიქით, ასეთი ინციდენტების შემდეგ უფრო რწმუნდება ხალხი, რომ გამარჯვება ჩვენს ხელშია, ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში ძალიან მყარად“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს მათ დაშინებას მმართველი პარტიის კანდიდატის წარმომადგენლების მხრიდან:
„როდესაც ჩვენ სოფელ რიყეში შემოვედით, მოსახლეობას დიდი სურვილი აქვს გამოსულიყო გარეთ და შეგვხვედროდა, თუმცა, რამდენიმე ადგილობრივმა გვითხრა, რომ ოჯახები წინასწარ დაიარეს და დააშინეს, რომ არ გაებედათ ჩვენთან შესახვედრად გამოსვლა. თუმცა, დიდი მადლობა რიყის მოსახლეობას, იმიტომ, რომ არავის ეშინია, ყველა გამოდის და ჩვენს პროგრამას ეცნობა, ასე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, - აღნიშნავს უდუმაშილი.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, მომავალ კვიარას პროვოკაციები უფრო გააქტიურდება, რადგან ყველა გამოკითხვის ტანახმად ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი იმარჯვებს:
„ბოლო კვირას ალბათ უფრო გააქტიურდებიან, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ გამოკითხვითაც კი იმარჯვებს სანდრა რულოვსი, კიდევ უფრო შეეცდებიან ხელის შეშლას, მაგრამ ჩვენ პროვიკაციებს არ წამოვეგებით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






