პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებას აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, წინაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ ოპოზიციის რიგებში.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება და ნაბიჯი, ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ აწყურის ტაძარი, არამედ ზოგადად ქველმოქმედება, ეკლესია იქნება ეს თუ ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის გაკეთება ხიბულაში, ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სპეკულაცია, მანიპულირება ხალხით, იმისთვის, რომ მოიპოვოს ხმები და შეინარჩუნოს ძალაუფლება,“-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ:
„მე მგონი ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. ამ ადამიანს არათუ 13 მილიონი, სამი მილიარდი დოლარი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული , საარჩევნო პერიოდშიც, არასაარჩევნო პერიოდშიც და მთელი ამ წლების განმავლობაშიც. მაშინ ახლა მთავრობას ავუკრძალოთ სოფლებში გაზი, წყალი, დენი რომ შედის. ავუკრძალოთ იმიტომ, რომ იმ დონეზე ვართ მისული, რომ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ესეც არის ამომრჩევლის მოსყიდვა,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






