ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აღმოჩენილ საარჩევნო დარღვევებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ დროისათვის შესული 65 საჩივრის უმრავლესობა ხელმძღვანელი პირების უბნებზე არყოფნას ეხება.
რაც შეეხება 85 - ე საარჩევნო უბანზე გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში საჯარო მოხელეების წერტილით მონიშვნისა და კომისიის დამოუკიდებელი წევრების მხრიდან გეგა შენგელიას სასარგებლო აგიტაციაში ჩართვას, მესხმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომისიაში საჩივრები არ შესულა.
"ვნახავთ, ვინ ესწრება, ოლქიდან არჩეული კომისიის წევრი, თუ პარტიიდან დანიშნული და ამაზეც იქნება რეაგირება. ფეისბუკზე, თავის პირად სივრცეში სააგიტაციო მასალის გავრცელებას მე ვერ გადავეღობები და ვერ ავკრძალავ. სწორედ მაგაზე ვაწარმოებთ მოკვლევას, ისარგებლეს თუ არა პირადი ტელეფონით, კომპიუტერით"- ამბობს მირანდა მესხი.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის შემოსულია 65 საჩივარი, აქედან 55-მდე საჩივარი ეხება ხელმძღვანელი პირების, თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების და მდივნების არყოფნას უბნებზე.
"შესაბამისად, იქ პასუხისმგებელი პირი არის მორიგე კომისიის წევრი, რომელსაც თავმჯდომარის დავალებით, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება. რაც შეეხება სამ საჩივარს, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა, ეს ეხება ფეისბუქ გვერდზე გაზიარებებს. მერწმუნეთ, რომ, ყველა საჩივარი დადგენილ ვადებში იქნება განხილული. სიების მონიშვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ შემოსულა ამ ეტაპისთვის, თუმცა გავაკეთებ მოკვლევას და სამართლებრივი რეაგირება მოხდება მას შემდეგ. ვერც ერთი კომისიის პირად სივრცეს და ფეისბუქ გვერდს ვერ გავაკონტროლებ. არ არის საჩივარი შემოსული იმასთან დაკავშირებით, ესწრებიან თუ არა წინასაარჩევნო შეხვედრებს ოლქიდან არჩეული კომისიის წევრები“, - განაცხადა მესხმა.
მისი თქმით, დაკეტილ უბნებს, რაზეც ოპოზიცია მიუთითებს, მოიკვლევენ და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დადგება. რაც შეეხება საარჩევნო უბნების გარემო-პირობებს, ისინი განთავსებულია იმ ფართებში, რომელიც მათ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადასცა.
"რაც შეეხება ავტოფარეხს, ეს არის კაპიტალური შენობა. იმ დღეს გადაიკეტება, დაილუქება გასასვლელი კარები. იქნება ერთი მხრიდან შესასვლელი და ერთ სივრცეში იქნება კენჭისყრის პროცედურები", - განმარტა მან.
კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც მირანდა მესხის თქმით, მათთან დარეგისტრირდა, 82-ე საარჩევნო უბანს შეეხება.
მისი თქმით, უბნის თავმჯდომარეს საკუთარი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეუწყდა უფლებამოსილება. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს საჩივარი, რომ კომისიის წარმომადგენლის საკუთრებაში არსებული ფართი საარჩევნო უბნისთვის იყო დაქირავებული. თუმცა, ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაზუსტდა და გაარკვიეს, რომ ეს არ იყო მის საკუთრებაში არსებული ფართი.
მასალის გამოყენების პირობები






