მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე – ოპოზიციის წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ გარემოებას, როდესაც პირს ტერქტის მომზადების მცდელობაში ადანაშაულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი დაკავება არ ხდება.
საკითხზე ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. იგი სუს–ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეჭვქვეშ არ აყენებეს:
“ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ სუს-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათი აბსოლუტური ნდობა მაქვს. სუს-ი სწორად მოიქცა, როცა ეს ინფორმაცია გააჟღერა. იმიტომ რომ ამას პრევენციული ხასიათი ჰქონდა, ნებისმიერი ადამიანის, მით უმეტეს ყოფილი სუს-ის თანამშრომლის სიცოცხლე ასეთი ინფორმაციის შემთხვევაში პოტენციურად საფრთხის ქვეშ იყო,“-ამბობს თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.
ენმ–ის წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ სუს–ი მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს:
„ნათელია ხელისუფლების დაინტერესება რამენაირად თავი აარიდოს პასუხისმგებლობას უდანაშაულო ბავშვის საკუთარ ლოგინში მკვლელობას და ათას ხრიკს მიმართავენ, რომ ვახა მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ, შეაფერხონ გამოძიება და დაბლოკონ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა,“-ამბობს ბარამიძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის თქმით, თუ დანაშაულის მომზადებას რეალურად ადგილი არ ჰქონია და სუს-ს მტკიცებულებები არ გააჩნია, მაშინ გაუგებარია რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერები.
„მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არსებობს, რომ ადამიანი მართლაც გეგმავდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას და აფეთქება მაშინ მათი ვალდებულებაა იმოქმედონ, თუ დანაშაულის მომზადებას რეალურად ადგილი არ ჰქონია, მაშინ რატომ ავრცელებენ ამ ჩანაწერებს გაუგებარი ხდება,“-ამბობს ოთარ კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






