მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში დღეისთვის დაგეგმილი გამოკითხვა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ამ თხოვნით უსაფრთხოების სამსახურს შვილმკვდარი მამის ადვოკატებმა უკვე მიმართეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის გამოკითხვის შემდეგ დააკავონ. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი განადგურების მცდელობაში ადანაშაუელბს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი დაკავება მოხდა, აქცია რუსთაველის გამზირზე მაინც გაგრძელდება და მის ადგილას მისი მეუღლე დადგება:
"მე თუ დამაკავეს, აქცია გაგრძელდება. ჩემს ადგილას დადგება ჩემი მეუღლე. ამ ერთ წელიწადში რაც ცდილობენ ჩემს განადგურებას, თემირლანის საქმის გადაფარვას. მე გამანადგურებენ, თემირლანის საქმე განადგურდება, მე ვიქნები - თემირლანის საქმე გაიმარჯვებს,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მარგოშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე ტერორისტი არ არის და სუს-ი უდანაშაულო ადამიანებს ტერორისტებად აცხადებს.
"ჩვეულებრივ ადამიანებს ტერორისტებად თუ აცხადებენ, კარგად აქვს ამ უსაფრთხოების სამსახურს საქმე. ტერორისტი ასეთი ადვილი სიტყვაა? მე ეგ სიტყვა მზარავს. ტერორისტობა აქეთ ჩემს ოჯახში მოახდინეს სუს-მა და აქეთ კიდევ შვილი ჩაგვიცხრილეს. რომც დააკავონ მალხაზი, მე დავდგები მალხაზის მაგივრად,"-აცხადებს მედიკო (აიზა) მარგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






