მორიგი თავდასხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე - სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არსებული სიტუაციის უკან ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ დგას.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნიჟარაძის უკან „ქართული ოცნება“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილი დგას. მათი თქმით, პროცესი არის თავდასხმა „რუსთავი2“-ზე, თავისუფალ აზრსა და დემოკრატიაზე.
"„რუსთავი 2“ დღეს არის ერთადერთი ბასტიონი, რომელიც ვერ აიღო ბიძინა ივანიშვილმა და ვერ მოერია მას და ამას ვერ პატიობს „რუსთავი2“-ს და იწყებს ახალ შეტევას „რუსთავი2“-ზე. ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ, კატასტროფულად აახლოებს „ქართული ოცნების“ დასასრულს, ვინაიდან დღეს საკითხი დგას ასე, ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი თავისი ამალით, რომელიც ვერ გაძღა ვერაფრით 7 წლის განმავლობაში და მეორე მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მოსახლეობის გვერდით მყოფი „რუსთავი2“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
განვითარებულ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ხედავს „ევროპული საქართველოც“:
„აშკარაა, რომ ეს არის მორიგი შეტევა „რუსთავი2“-ზე, მორიგი შეტევა დემოკრატიაზე, მორიგი შეტევა თავისუფალ, ოპოზიციურ აზრზე და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზოგადად საქართველოში. როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინამ ჩათვალა, რომ ახლა ეს არჩევნები და შემდგომი არჩევნები არის დიდი საფრთხე მისი მმართველობისთვის და მან ამ არჩევნების და მომდევნო არჩევნების წინაც უნდა გაასუფთავოს სამოქმედო არეალი,“-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






