“კავკასიელ ერთა გაერთიანებული ორგანიზაცია” განცხადებას ავრცელებს და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისგან აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებას ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
„ფეისბუკზე გავრცელდა განცხადება, სადაც ბატონი შალვა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ი.ალიევს, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ასეულობითათას ეთნიკურ აზერბაიჯანელს შეურაცხყოფს.
მსგავსი განცხადება საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის, კერძოდ ხელს უწყობს ეთნიკური შუღლის გაღვივებას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობაზე. ასევე ბატონმა ნათელაშვილმა ბრალი დასდო საქართველოს საპატრიარქოს, თითქოსდა კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში, სადაც წმინდა ესტატეს ტაძარში გახლავთ გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას საფლავი, ხალხს ეკრძალება შესვლა. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა შევიდეს ტაძარში.
მივმართავ ბატონ შალვას, როგორც პოლიტიკოსს მრავალწლიანი გამოცდილებით და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, ვინაიდან მისი მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არ მოახდინოს სიცრუის ტირაჟირება და არ შეურაცხყოს ეთნიკური უმცირესობები, მოიხადოს ბოდიში აღნიშნული განცხადების გამო.
P.S. რაც შეეხება დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს კუთვნილი რელიგიურ - ისტორიული ძეგლი.
საკითხი უნდა მოგვარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მოლაპარაკების გზით.“- აღნიშნულია განცხადებაში.
ფეისბუკსტატუსი, რომელზეც განცხადებაშია საუბარი შალვა ნათელაშვილმა 3 მაისს გამოაქვეყნა:
“მრავალი წელია ვყოყმანობ,დამეწერა თუ არა ეს სტატუსი.ალბათ მაინც სჯობია სათქმელი ითქვას, რადგან საქვეყნო,ეროვნული პრობლემაა და არა პირად-პარტიული. როგორც ცნობილია ეროვნული იდეოლოგია,მომავალი თაობის აღზრდა პატრიოტული სულისკვეთბით შეუძლებელია სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა საფლავებზე მუხლმოყრის გარეშე,რაც რა თქმა უნდა საჭიროა სჩანდეს საქვეყნოდ და არ ხდებოდეს მარტო დახურულ ფორმატში. ყველას მოგეხსენებათ კასპის სოფელ ერთაწმინდაში,საგვარეულო მონასტერში დაკრძალულია პაატა სააკაძე,რომელსაც კაციჭამია შაჰ აბასმა 1625 წელს ქართლ-კახეთის ანტიირანული აჯანყების შემდეგ თავი მოჰკვეთა (სხვათა შორის ეს შახი იყო არა სპარსელი, არამედ გახლდათ იმ ჯურის თურქმენი, რომლის ჯილაგი ალიევიც ახლა დავით გარეჯს გვიღობავს) მოკლედ რამდენიმე წელია სხვადასხვა დღესასწაულებზე უშედეგოდ ვცდილობთ მივიდეთ პაატას საფლავზე,მოვიყაროთ მუხლი,მივიტანოთ გვირგვინი,გავაშუქოთ მასობრივად ტელევიზიით,მაგრამ სამწუხაროდ საპატრიარქო იქ არავის უშვებს.ფაქტიურად მძევლად ყავთ აყვანილი პაატას ცხედარი და იმ ხალხს ვისაც ეს მზეჭაბუკი შეეწირა აკრძალული აქვთ საჯარო პატივი მიაგონ მის საფლავს. მე ვეკითხები ახლა საპატრიარქოს---გაქვთ თქვენ ამის უფლება?ბოლოს და ბოლოს პაატაა ეს სააკაძე და არა თქვენი ბიზნესი.მრცხვენია თქვენს მაგივრად.”- დაწერა შალვა ნათელაშვილმა ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






