საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციები ერთიანდება. ინფორმცია ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
აღნიშნულ რეფორმას ღიად აკრიტიკებენ მწერლები. მათი თქმით, ეს არის კულტურის სფეროზე მმართველი გუნდის ერთგავარი შურისძიება პიროვნული პოზიციების გამო.
„ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში რაიმეს ქმნიან, მათთან ყველანაირი საქმიანი შეხვედრების გარეშე, სრულიად ხელოვნურად მათი გაერთიანება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული კულტურის პოლიტიკის ამ სფეროს მიმართულებები და ფაქტი სახეზეა, მე ვფიქრობ, ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე წლების განმავლობაში" - აღნიშნა რატი ამაღლობელი.
როგორც ქეთი დევდარიანმა განაცხადა, ხელისუფლების გაღიზიანება მწერლების მიერ განსხვავებული შეხედულებების და კრიტიკის ხმამაღლა დაფიქსირებამ გამოიწვია.
„მწერლები, ალბათ, ისჯებიან და ზოგადად მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. რა თქმა უნდა, გაკონტროლება რაღაც ასეთ ხაზგასმულ ძალადობას არ ნიშნავს, ისინი უბრალოდ ცდილობენ, ყველგან და ყველაფერში ჰყავდეთ თავისი კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში, ალბათ, ის, რომ მწერლები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, მათთვის არის პრობლემა. თან ახლა არჩევნები ახლოვდება და ალბათ, ყველაფერი პრობლემა გახდება, ნებისმიერი ის პატარა დეტალიც კი, რომელიც შეიძლება, ჩვენც კი არ მოგვეჩვენოს განსაკუთრებულ საფრთხის შემცველად, ისინი ახლა ყველაფერში ხედავენ საფრთხეს" - აღნიშნა ქეთი დევდარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






