დავით გარეჯის ლავრაში გუშინ მეუფე იობმა იქადაგა და განაცხადა, რომ იგი არსებული დაძაბულობის ფონზე სისხლისღვრასაც არ გამორიცხავს და ამ შემთხვევეაში, სასულიერო პირები უნდა იყვნენ წინ. მეუფე იობის აღნიშნულ განცხადებას, დღეს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი გამოეხმაურა და სასულიერო პირებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ მწვავე განცხადებებს. მეუფე იაკობი მეუფე იობის გუშინდელ ქადაგებას ნაწილობრივ გაემიჯნა:
„რაც არ მომისმენია, რა გითხრათ, არ მომისმენია. მე გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. უნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი. ჩემი აზრი მასეა. გუშინ ღვინის გადაღების ფესტივალი მქონდა და ღვინო გადავიღე, მაგდენი არ ვიცი. თქვენ მგონი, ხედავთ, მუფთებთან, შეიხებთან როგორი ურთიერთობები გვაქვს. კომისია სულ იყო, 28 წლის მანძილზე იყო, მაგრამ, ალბათ, ისეთი ხალხი უნდა იყოს კომისიაში, ნდობა ჰქონდეთ ხალხის. ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. არ არის ეს ამ ხელისუფლების პრობლემა, ყველა ხელისუფლებას პრობლემა ჰქონდა მაგასთან. მთავარია, უნდა ვნახოთ კომისიაში ჩვენთვის სანდო ხალხი იყოს. მე, მაგალითად, ყველას არ ვენდობი, ალბათ, გამოჩნდება. ვიტყვი, თუ ისეთი ადამიანები შევიდნენ, ვისი სანდოობაც არ შეიძლება, სხვისთვის შეიძლება სანდო იყოს, მაგრამ მე მაქვს მყარი მოსაზრებები, რატომ არ შეიძლება ზოგიერთის იქ ყოფნა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






