„ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხს.
„შეხვედრის ძირითადი თემა იყო მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველა ხვდება, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ ამ არჩევნებს სახელმწიფოში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება. საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გზავნილებზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაუგზავნოს პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება სხვა პოლიტიკური გუნდისთვის, რაც აუცილებელად მოხდება შემდეგ არჩევნებზე. საუბარი გვქონდა დემოკრატიის გამოწვევებზე. დემოკრატია არის აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დღეს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს საქართველოში.” - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, საუბრის მთავარი თემა დემოკრატია, საარჩევნო პროცესებში არსებული დარღვევები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყო.
„ისეთივე შეშფოთებები აქვს ჩვენს მთავარ მოკავშირეს, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს. ეს უპირველეს ყოვლისა შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი საერთოდ გაყინულია და დემოკრატიის ხარისხით ჩვენი ქვეყანა მიდის უკან, საარჩევნო პროცესში დაშვებული შეცდომები, დანაშაულებები, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო კამპანიის „შავი ფულით“ დაფინანსება- ყველაფერ ამაზე გამახვილდა ყურადღება.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






