მილიონერი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ქართველ ემიგრანტ ქალებს უცხოეთში ფიქტიური ქორწინებებისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაჭირვება ამ ქმედებას ამართლებს. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, მის ამომრჩევლებს ამის გამო ოჯახები ენგრევათ და ეს მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ქუცნაშვილი რატომღაც აქცენტს მხოლოდ ქალ ემიგრანტებზე აკეთებს და თავისი მამრობითი სქესის ამომრჩევლების დანგრეულ ოჯახებზე წუხს. აღნიშნულ თემაზე ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, გუშინ კი მისი ნათქვამის დაზუსტება პალიტრანიუსის ეთერში მოსთხოვეს. სოციალურ ქსელში გამოწვეული დიდი კრიტიკის მიუხედავად ქუცნაშვილმა აზრი მაინც არ შეიცვალა და ამ თემაზე გადაცემის წამყვანებთანაც მწვავე კამათი ქონდა:
„ეს თქვენთვის სიახლეა? რა არის მაგაში გასაკვირი და შეურაცხმყოფელი? ის რაც მთელმა საქართველომ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი მიბრძანდება და შედის ფიქტიურ ქორწინებაში ეს სიახლეა თუ შეურაცხყოფა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემ ამომრჩეველთან და ვიცი, რომ ამ ფიქტიური ქორწინების გამო ბევრი ოჯახი დარღვეულა, აქედან გამომდინარე ჩემთვის ეს პრობლემაა. თუ თქვენთვის პრობლემაა არაა რომ ქალბატონები შედიან ამ მდგომარეობაში იმის გამო რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ, ჩემთვის პრობლემაა.“- განაცხადა ქუცნაშვილმა.
ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ის პრობლემას იმაში უფრო ხედავს, რომ საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებს იძულებულს ხდის რომ ქვეყნიდან წავიდნენ და ფიქტიური ქორწინებებით თუ სხვა ხერხებით შეძლონ საზღვარგარეთ დარჩენა და საქართველოში მყოფი ოჯახის რჩენა, ვიდრე იმაში, ადამიანი სიყვარულით შექმნის თუ ანგარებით ოჯახს.
ჟურნალისტის მოსაზრებას ქუცნაშვილი არ დაეთანხმა:
„მე არ დაგეთანხმებით ამაში კატეგორიულად, რომ ჟურნალისტებმა წაახალისოთ ოჯახების ანგარებიტ შექმნა. მაგ ლოგიკით შეიძლება დანაშაულის და პროსტიტუციის გამართლება და თუ თქვენ მაგ სტანდარტებს ქადაგებთ მე ძალიან გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. თქვენ თუ მაგას ამბობთ, რომ ანგარებით ოჯახის შექმნა არ მიგაჩნიათ დასაძრახისად, ჩვენი ღირებულებათა სისტემა ასეთი ვერ იქნება. არ დაგეთანხმებით, რომ გაჭირვება და ანგარება ამართლებდეს ამ ქმედებას. ეს პრობლემაა და ჩვენ რეალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ.“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






