საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება საქართველოში სამ სამოქალაქო ომთან დაკავშირებით დღის სკანდალად იქცა. ჩაჩიბაიას მიერ ნათქვამ სიტყვებს არა ერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც გაირკვა, გენერალი ჩაჩიბაია მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში სამოქალაქო ომს ჰქონდა ადგილი და არა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას. რუსეთთან კონფლიქტის ათვლას კი ჩაჩიბაია 2008 წლის აგვისტოს ომიდან იწყებს. ამის შესახებ გენშტაბის ხელმძღვანელმა განცხადება გუშინ გააკეთა.
„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ყოველდღიურად ახალ სკანდალში ეხვევიან, ჩაჩიბაია კი ცდილობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, რაც მისი საქმე არ არის:
„ასეთი იდიოტობები „ქართული ოცნების“ მთავრობის სავიზიტო ბარათი გახდა. სამწუხაროდ როგორც ვხედავთ, ეს ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინიარეობს. ყოველ დღე „ქართული ოცნების“ რომელიღაც მოხელე ამბობს მინიმუმ სისულელეს, მაქსიმუმ აფიქსირებს მოღალატეობრივ პოზიციას. ამას უყურებს ქვეყანა, თუმცა, არაფერი ექსტრაორდინალური და მოულოდნელი ახლა არ ხდება. ამას ესენი ამბობდნენ 2012 წელს, 2013 წელს და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთოდ ომის დაწყება და საკუთარი ხალხის დაბომბვა დააბრალა.
აქედან გამომდინარე, ამაზე მეტ მოღალატეობას ის ვერ იტყვის და ვერ გააკეთებს, ეს უკვე აპოგეაა. მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები ვიცით ბევრი წლის განმავლობაში, ახალი ვარსკვლავი არის გენშტაბის უფროსი, რომელიც ერთი წელია ცდილობს გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, რაც მაგის საქმე საერთოდ არ არის. მაგის საქმე არის ჯარზე ზრუნვა, რომ ჰქონდეს ნორმალური კვება, ტანსაცმელი, რომელიც არ აქვს, რომ არ იყოს „დედოვშინა“, გამოძალვის ფაქტები რომელიც სამწუხაროდ სახეზეა. ამაზე უნდა იზრუნოს. როდის ჩატარდა ბოლოს ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ნატოსა და ავღანეთის მისიის ეგიდით ჩატარებულ წვრთნებს? როდის გაუწია ბოლოს გენერალურმა შტაბმა ქართული ჯარის წვრთნებს საქართველოში ორგანიზება? ბოლო 7 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ფაქტი, ამის ნაცვლად გენერალური შტაბის უფროსი გამოდის, ხანდახან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ხანდახან სისულელეებს ლაპარაკობს“, - განაცხადა შაშკინმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის უშიშროების კომიტეტმა ინტერესი უნდა გამოთქვას გენშტაბის უფროსის აღნიშნული განცხადების მიმართ და გაარკვიოს, მიიჩნევს თუ არა ის მართლაც ასე:
„მისი განცხადება იყო სისულელე თუ მას ამის სჯერა, ვფიქრობ, პარლამენტის უშიშროების კომიტეტმა უნდა დაიბაროს და ეს შეკითხვა დაუსვას. იმიტომ, რომ როდესაც გენერალური შტაბის უფროსი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გახვეულია სერიოზულ სკანდალში, უნდა იქნეს საზოგადოების შეკითხვებზე პასუხი გაცემული. ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, მართლა ასე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია, რომ ცხინვალში და აფხაზეთში ჩვენ სამოქალაქო ომი გვქონდა? ამას პატარა ბავშვიც არ იტყვის“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინის თქმით, მსგავსი განცხადებები საქართველოსთვის მძიმე შედეგებს მოიტანს:
„ეს რომ ყოფილიყო რომელიმე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ან სხვა ჩინოსანი, იმდენად დიდი პრობლემა არ იქნებოდა. ყველა შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა ჟენევის ფორმატის ფარგლებში, რუსეთი მუდმივად აყენებდა ერთსა და იმავე მოთხოვნას და გვეუბნებოდა, წადით ელაპარაკეთ აფხაზებს და ოსებს, ჩვენ კი ყოველთვის ვპასუხობდით, რომ დაპირისპირება ოსებთან და აფხაზებთან არასდროს გვქონია, ჩვენ გვქონდა დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსების მიერ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზი. რუსეთი ყოველთვის ცდილობს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, მხრებიდან მოიხსნას ეს პრობლემა და თქვას, მე რატომ მედავებით აფხაზეთზე და ოსებზე, როცა ქართველებმა იომეს მათთანო. როდესაც შეიარაღებული გენერალური შტაბის ხელმძღვანელი იმავეს ამბობს, რასაც ამბობს შენი მტერი, ეს ნიშნავს იმას, რომ უსერიოზულესი დიპლომატიური პრობლემები იჩენს თავს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. მუდმივად დაგვიდებენ ჩაჩიბასიას განცხადებას მაგიდაზე.
მთელი უბედურება არის ის, რომ ამას საქართველოსთვის მძმე შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






