საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენითვის დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.
შესაძლოა კანონი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაამტკიცონ.
„ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, რომ პროცედურები და კრიტერიუმები ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაწერილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, კერძოდ; ვენეციის კომისიის ჩართულობა და ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო კანონი მივიღეთ,“-აცხადებს რატი იონათამიშვილი.
დეპუტატებმა შესაძლოა მიმდინარე კვირის სესიაზე ეკა ბესელიას პროექტიც განიხილონ. ბესელია ბიუროზე დოკუმენტის დარეგისტრირებას დღეს მოითხობს.
„იმ საერთაშორისო კრიტიკული მოსაზრებების შემდეგ ნამდვილად არის უკან დაბრუნების საფუძველი და ჩვენი კანონპროექტის გამოსატანად პლენარულ სხდომაზე, რომელიც ერთობლივი დოკუმენტია, კარგი დოკუმენტია ქვეყნის მომავლისთვის და მართლმსაჯულების სიძლიერისთვის უკეთეს გარანტიებს ქმნის. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კანონპროექტი წარვადგინოთ სესიაზე,“-აცხადებს ბესელია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ:
„ნებისმიერი დისკუსია ამ საკითხზე კარგავს აზრს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭრილის გარდა, ეს არის ის ჭრილი, როდესაც უნდა ვთქვა, რომ, სანამ არაფორმალური მმართველობა იქნება ჩვენს ქვეყანაში, რეალურად ნებისმიერ დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბარი არის ზედმეტი,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






