კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა და კანონპროექტის არსზე და ძირითად მიზნებზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, ამ საკანონმდებლო პაკეტის უმთავრესი მიზანია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა. დაცვის ობიექტები ძირითადად არასრულწლოვნები არიან, რომლებიც ხშირად არიან აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლნი.
„სქესობრივი დანაშაულები გამოირჩევა განსაკუთრებული სენსიტიურობითა და კომპლექსურობით, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს. დანაშაულთან ბრძოლის არსებული ინსტრუმენტები, რომელიც ძირითადად მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისკენ, ხშირად სათანადო ეფექტიანობას არის მოკლებული. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კი ორიენტირებული იქნება როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან პრევენციაზე და არა მხოლოდ დანაშაულის შემდგომ რეაგირებაზე", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მის თქმით, კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, აგრეთვე, 2551 -2552 მუხლებისთვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას გარკვეული სახის უფლება. მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება; არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება; საექიმო საქმიანობა; „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა და სხვა, რაც კანონით იქნება განსაზღვრული.
კანონით ასევე მოხდება სასჯელის გამკაცრება. პროექტი ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს ამ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით. მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრის შექმნა.
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხარდამჭერი პოზიცია ასევე დააფიქსირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც და საბოლოოდ მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






