სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
საბჭომ საკითხხი 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავდებულს უკვე აცნობა.
მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მერაბიშვილის მიმარტ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„ახალი გარემოება არ არსებობს, ხოლო ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელიც არსებობდა აქამდე მასზე სასამართლომ უთხრა, რომ ვერ გამოდგებოდა უარისთვის.
გვრჩება განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმდინარეობს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა.
იმ ფონზეც კი, როცა სასამართლომ მიუთითა, რომ არგუმენტები რომლითაც უარს ეუბნებიან გათავისუფლებაზე არ გამოდგებოდა და ამის გამო გააუქმა ეს ადმინისტრაციულ-ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ჩვენ მივიღეთ ისევ იგივე.
ვერ შევალთ შინაარსში, იმიტომ რომ, არ ვიცით შინაარსი. მერაბიშვილმა თავად დაუწერა განცხადება და ველოდებით დასაბუთებას. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმ არგუმენტებზე, თუ რითი ეთქვა უარი,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






