საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს კანონმდებლებს პირველად გააცნობს მონაცემებს, თუ როგორ სრულდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი და რეფორმით მიღებული შედეგები.
ოპოზიციას ლევან სურგულაძესთან კონკრეტული კითხვები აქვს:
„საპენსიო რეფორმის პირველი შედეგი არის ის, რომ გაუძვირდა ბიზნესს წარმოება. 2%-ით გაეზარდა მათ ხელფასის დაბეგვრა, ასევე მოაკლდა შემოსავლები დასაქმებულებს. ზოგადად ეს საპენსიო რეფორმა და ინიციატივები იყო მოუმზადებელი, რასაც ყველა გრძნობს საკუთარ თავზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ნაჩქარევად არის მიღებული.
„მთავარი კითხვა რაც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს, არის ის რომ ისე რომ არ იციან ფული სად განათავსონ, არ აქვთ დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო, უკვე ჩაუყვეს ჯიბეში ხელი მოსახლეობას. საეჭვოა, რომ ეს სქემა ადამიანებს ღირსეულ პენსიას უზრუნველყოფს. ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდება,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ პარტიაში:
„მე ამას ყოველთვის საერთო რისკის სცენარს ვუწოდებდი, იმიტომ, რომ ის გათვლილია ქვეყნის განვითარების საუკეთესო სცენარზე რა თქმა უნდა. რისკები ყველა ქვეყანაში არის, სადაც შეიძლება გარკვეული რისკები ჰქონდეს განვითარებას, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკონომიკურად, სტაბილურად და მდგრადად ვითარდებოდეს ქვეყანა,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






