"ეს არის შედეგი უგუნური მმართველობის ბიძინა ივანიშვილის" - ასე აფასებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.
უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან საერთო ენის გამონახვა ვერ შესძლო და ჰესის მშენებლობის შესახებ მოსახლეობას სწორი არგუმენტაცია ვერ მიაწოდა.
„ის, რაც დღეს პანკისის ხეობაში ხდება, ამაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. ამ ხალხთან სპეცნაზის ენით კი არ არის საჭირო საუბარი, არამედ საჭიროა ნორმალური დიალოგი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერ მისცა სწორი გარანტიები და სწორი არგუმენტები ვერ დაუსახელა ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რატომ არის მიზანშეწონილი დღეს ხეობაში ჰესის აშენება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს ხეობაში. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე სანახავი იყო დაპირისპირების კადრები... ეს არის შედეგი უგუნური მმართველობის ბიძინა ივანიშვილის, როდესაც კონკრეტული ადამიანების ვიწრო ინტერესები ეწირება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






