პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ კომენტარი გააკეთა. იგი ამბობს, რომ პრემიერის გადაწყვეტილების მიზეზი გაუგებარია, განსაკუთრებით გიორგი ქობულიას დუმილის ფონზე.
„საზოგადოებამ ალბათ უფრო მეტად და უფრო კონკრეტულად უნდა იცოდეს, რა არის მინისტრის გადადგომის მიზეზი, მით უმეტეს, ყველა მინისტრი მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ესე ინტენსივობით იცვლებიან, ეს რაღაც უფრო სიმპტომატურ თემაზე მიანიშნებს. ჯობდა, რა თქმა უნდა, პარლამენტს არ გაეგო ტელევიზიით, თუნდაც ეს მოსაზრება და ერთმანეთში შეთანხმებული ვყოფილიყავით და შევთანხმდებოდით. თუ ვერ შევთანხმდებოდით, ეს საუბარი წინასწარ უნდა შემდგარიყო. 8 თვის შემდეგ, მაშინ ნათია თურნავასთანაც მოუწევს ზუსტად ამ კრიტერიუმით მისი საქმიანობის გაზომვა, რომ თუ გიორგი ქობულიას შემთხვევაში ტემპი არ იყო საკმარისი, 8 თვის შემდეგ, მას მოსთხოვენ შეაფასოს, რამდენად არის რადიკალურად განსხვავებული ქალბატონი ნათიას მიერ, შემოთავაზებული ტემპი,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თურნავას ისეთი პროტეჟეები ჰყავდა, როგორიც ვანო ჩხარტიშვილია.
„ეს საუბრები ჩემთანაც მოდის, რა თქმა უნდა. ვანო ჩხარტიშვილი არის მოცემულობა ამ ქვეყანაში, ის ბიზნესმენია. თუ მას ნათიასთან ურთიერთობები აკავშირებს, ესეც მოცემულობაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ყველას ვიყოთ გაცილებით ფხიზლად, რომ ბატონი ვანოს ბიზნესის თანხვედრაში არ იქნას შემჩნეული ქალბატონი ნათია,“ - განაცხადა კაკულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






