დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის საკითხს საკრებულომ 30 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
საკრებულოს სხდომა ხმაურიანი და დაძაბული იყო. ოპოზოცია უმრავლესობას მოუწოდებდა რომ საკითხი ჩაეგდო. მათი განცხადებით, თაბორის მთაზე 212 ათას დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთში ოდოშარია მუხიანში 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას იღებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბექა ოდიშარიას პრივილეგიები კალაძესთან მეგობრობის გამო აქვს.
„დედაქალაქის მერია 212 ათასი ლარის ქონებაში აძლევს 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას ანუ 26-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე თავის დროზე გადაიხადა. ახლა თქვენ გეღიმებათ, მაგრამ არ მგონია საზოგადოებას გაეღიმოს, როცა გაიგებს, რომ მაგალითად, კვ. მეტრი აქვს 20 ლარად ნაყიდი ბატონ ოდიშარიას. არის აქტები, მაგალითად, 1600 კვადრატული როცა იყიდა, 35 ლარი გადაიხადა კვადრატში. დღეს დედაქალაქის მერია, მისი ძმაკაცი კალაძე, რომელიც არ უარყოფს, რომ მეგობარია, აძლევს კვადრატულში 1700 ლარს. მეგობრებო, 20 ლარსა და 1700 ლარს შორის სხვაობა არის 86-ჯერ უფრო მეტი... არ არსებობს ქალაქში მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეიძლება 86-ჯერ გაიზარდოს ფასი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, თბილისის მთავრობა სამართლებრივი გზების გამოყენებით მოქმედებს.
„როდესაც ქალაქი რაღაც საკითხს მიზანშეუწონლად თვლის და კანონიერ მესაკუთრეს, ეს იქნება პარლამენტის წევრი, ჩვეულებრივი მოქალაქე, მეცნიერ-მუშაკი თუ არ აქვს მნიშვნელობა, უზღუდავს, ამ დროს არის 3 ვარიანტი საერთოდ. ერთი არის, რომ მოანაცვლო იმას, რასაც ვაკეთებთ. მეორე, მიხვიდე და იჩუქო და მესამე არის რომ პროკურატურაში დაიბარო ან ფინანსური პოლიცია შეუვარდეს და წაართვა. ამ სამ გზას იცნობს, რეალურად, პრაქტიკა. ჩვენ ვირჩევთ იმ გზას, რომელიც არის სამართლებრივი,“ - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






