ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა, ჟვანიას თქმით, ის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა და მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს:
„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.
ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი "განცხადებისმაგიერი" ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.
მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა - გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ.
ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან.
ახალი დავალებაც გვაქვს - ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს.“- წერს ლაშა ჟვანია და პრეზიდენტს მადლობას უხდის.
მასალის გამოყენების პირობები






