ომბუდსმენის მოხსენება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული კანონპროექტის და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნების შეფასებას შეეხებოდა. საუბარი იყო არსებით ხარვეზებზე, რომელსაც ლომჯარიას აზრით წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს.
ომბუდსმენის თქმით, უზენაესი სასამართლოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დროულად შეირჩნენ მოსამართლეები. თუმცა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, კანონში ცვლილებების შეტანამდე პარლამენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენეციის კომისიის ფუნდამენტური რეკომენდაციები სრულად იქნება ასახული.
„მე ძალიან კარგად მესმის თუ როგორ გვეჩქარება ჩვენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა იქ, თუმცა, ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესის არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად შესაბამისობაში მოდის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ რეკომენდაციასთან, ყველა იმ ფუნდამენტურ რეკომენდაციასთან, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები გვთავაზობენ.“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ზეწოლის ფაქტებს და გაიხსენა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომა.
ომბუდსმენის თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ნინო გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.
„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ის სრულიად მოულოდნელად გასული წლის აგვისტოში გადადგა და მან მანამდე არაერთგზის გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან. ეს არის მისი სიტყვებია. ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი განცხადებები მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გადადგომასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მან ასევე გაიხსენა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყოფილი მოსამართლის მიმართ ზეწოლის შემთხვევას შეეხებოდა. ომბუდსმენის თქმით, მან პირადად მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეს უქმნიდა.
„მე პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, შევხვდი შარშან, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ და რაც აფერხებდა მის მოსამართლის მოვალეობის შესრულებას." - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების მიმართ ფარული კენჭისყრის პროცესი გაუუქმდეს და ღია კენჭისყრა გაიმართოს.
ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ურჩია, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელონ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სახალხო დამცველის თქმით, საერთაშორისო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
„ფარული კენჭისყრების გზით, მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ნომინირება უნდა მოხდეს არა უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერით, არამედ იმ კანდიდატების, ვინც აჩვენებს საუკეთესო შედეგს, ვინც იქნება ყველაზე კვალიფიციური, ვინც იქნება ყველაზე კომპეტენტური, ხოლო ფარული კენჭისყრა ამ პრინციპს, რაც საყოველთაოდ აღიარებულია, უთხრის ძირს. ჩემი მთავარი მესიჯია, რომ განიხილოთ აღნიშნული საკითხი. აქ დაისვა შეკითხვა, რას გირჩევთ მე, ვიცი, რომ გარკვეული ფორმალური გარანტიები არსებობს, რომ შესაძლოა, მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კიდევ ერთხელ სამუშაო ფორმატში შეკრებილიყავით დეპუტატები და კიდევ ერთხელ განგეხილათ, არის თუ არა სრულ შესაბამისობაში, იქნება თუ არა თქვენ მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი იმ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან, რაც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციებმა გასცეს და შესაძლებელია, ამ პროცესის მეორე მოსმენაზე დაბრუნებაზე გეფიქრათ,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






