აშშ-ს საელჩო საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიას მხარდაჭერას უცხადებს. დიპლომატიური უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ს საელჩო თვალყურს ადევნებს მაუწყებლისადა მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
„აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედია მონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედია საშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში,"-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორმა წევრმა, გენერალური დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნას ბორდის კიდევ ერთი წევრი გაიზიარებს, ნათია კაპანაძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები






