ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს გავრცელდა. გიორგი ქობულია განცხადებას აღნიშნულის შესახებ სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს.
აღნიშნულს მმართველი პარტიის რიგებში ეხმაურებიან. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისთვის უცნობია ეკონომიკის მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა პრემიერ-მინისტმა მოსთხოვა თუ არა:
„მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუ რა მოსთხოვა პრემიერმა მინისტრს... ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები ყველა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რომელზეც მინისტრებს მოვუსმინეთ. როგორც გითხარით, კიდევ დაგვრჩა საკმაოდ ბევრი ასეთი მოსმენა წლის ბოლომდე. ჩვენი პოზიციები საზოგადოებამ იცის, კითხვები ისმება, შეფასებები კეთდება. რაც შეეხება მინისტრების და კაბინეტში ცვლილებებს, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა გადაწყვეტილებების კუთხით თუ მეუბნებით და პრემიერ-მინისტრს უნდა სთხოვოთ ამაზე კომენტარი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მამუკა მდინარაძე განცხადებით კი, ყველა პოლიტიკოსს კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს და მინისტრის გადაყენების თემა აქტუალური არ არის.
„ბატონ ბიძინას აქვს თავისი შეხედულება, მეც მაქვს ჩემი შეხედულება, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს თავისი შეხედულებები. ეს არის შეხედულებები. მოვისმინეთ ამის შესახებ მისი აზრი და ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი აზრი. მხოლოდ აზრის დაფიქსირება თქვენ რომ დღეების განმავლობაში გაიხადოთ საფუძვლად, რა ხდება, ხომ არ მალავს მმართველი გუნდი რაღაცას, ეს არ არის, ჩემი აზრით, სწორი,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






