პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთვრობო ორგანიზაციებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას ხვდება. ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აცნობს.
ოპოზიციის აზრით, მმართველი პარტია კომისიის დასკვნიდან მხოლოდ იმას გაითვალისწინებს, რაც ბიძინა ივანიშვილს ენდომება და მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად გამოიყენებს.
„დავეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმაში, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მოხდა ამ რეკომენდაციის გაცემა, რომ დღევანდელმა პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. ამას აქვს თვისი მიზეზი. ამის მიზეზია, რომ ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური შემადგენლობის პირობებში, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად და დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესების წინააღმდეგ,“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.
„საბოლოო ჯამში მმართველი პარტია გაითვალისწინებს იმას, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილს სურს, რომ ამ ჯგუფს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მურუსიძეს იმიტომ, რომ ის თვლის, რომ მურუსიძე უნდა იყოს მისი საყრდენი. ასეთი მორალური არჩევანი გააკეთა ივანიშვილმა და მთელმა „ქართულმა ოცნებამ.“ ამიტომ საბოლო ჯამში რა გზას აირჩევენ, ივანიშვილთან თათბირის შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






