სკანდალი თავდაცვის სამინისტროში – იძალადა თუ არა ქართველმა იუნკერმა ამერიკელ სამხედრო ქალზე? ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, არსებული ინფორმაციით თავდაცვის უწყებაში შესაბამისი მოკვლევაც ჩატარდა. თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.
თავდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებზე „ნიუპოსტთან“ უწყების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
შაშკინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დისციპლინა სამხედრო სფეროში ერთ–ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორია და იმ სამ კომპონენტზე საუბრობს, რომლითაც დისციპლინა უნდა მკვიდრდებოდეს და რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაანადგურა:
„კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ ამ დაწესებულებას ჰქვია სასწავლებელი, მაგრამ ის არის სრულყოფილი ქვედანაყოფი შეიარაღებული ძალების. ომის პერიოდში ისევე როგორც ომობს ჯარი, ასევე ომობენ კურსანტებიც. ჩვეულებრივად ინახება იქ იარაღი, ჩვეულებრივი რეჟიმით მოქმედებს სამხედრო ბაზის ამ კონკრეტულ წერტილში ყოველივე. სამხედრო ბაზა, ეს არ არის ტურბაზა, იქ არის მკაცრი ნორმები, რომელიც არეგულირებს ამ ობიექტს. ყველასთვის ალბათ გასაგებია, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც შორს არის სამხედრო საქმისგან, რომ შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის დისციპლინა.
დისციპლინა დგას სამ კომპონენტზე:
პირველი – ეს არის ოფიცრების, სერჟანტების და კაპრალების პირადი ავტორიტეტი.
მეორე – ეს არის მკაცრი, თუმცა, გასაგები ნორმები.
მესამე – ეს არის გარდაუვალი დასჯის კომპონენტი, თუ მოხდა დანაშაული ან დარღვევა.
ეს არის ძალიან მარტივი, მგრამ ყველასთვის გასაგები სამი კომპონენტი, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დგას შეიარაღებული ძალების დისციპლინა.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ამ სამივე კომპონენტში ყველაფერი გააფუჭა. გაანადგურეს, როგორც პირადი ავტორიტეტის კომპონენტი და საერთოდ რა ავტორიტეტზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ის მებრძოლი ოფიცერები, სერჟანტები და კაპრალები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ 2008–ში, რომლებსაც აქვთ გავლილი ავღანეთის, ერაყის მისია, მათი 80% არის დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან. ზოგი სახლში ზის, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი სხვის ომებში ომობს, ზოგი კი ციხეში ზის. ამის შემხედვარე, რა პირად მაგალითზე უნდა ვისაუბროთ?“, – აცხადებს შაშკინი.
მისი თქმით სამხედრო სფეროში შემოიღეს ნორმები, რომელიც არავითარ ლოგიკას ექვემდებარება, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა კი შესაბამისი საქმის კეთების ნაცვლად და პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადებების კეთებით არის დაკავებული. შაშკინის თქმით, სწორედ აღნიშნული მიუთითებს, რომ სიტუაცია თავდაცვის სამინისტროში პრობლემატურია:
„მეორე - რაც შეეხება ნორმებს, ისეთი ნორმები შემოიღეს, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია. მაგალითად, ოფიცრებს ქალაქში ფორმით სიარული ეკრძალებათ. რატომ? ვინმეს სცხვენია, რომ ქართველ სამხედროს ქართული ფორმა ეცვას? რა მარაზმთან გვაქვს საქმე?
მესამე - დასჯის მომენტი. ერთი თვის წინ სანამ ოჯახმა არ ატეხა ამბავი, რომ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი წვევამდელისგან, მანამდე ხმა არავინ მოიღო შიგნიდან. არავინ დაიწყო გამოძიება.
ყველა ფაქტის დამალვას ცდილობს გენერალური შტაბი და „პარკეტზე“ მდგომი მათი რამდენიმე წარმომადგენელი აკეთებეს პოლიტიკურ განცხადებებს, იმის ნაცვლად, რომ წავიდნენ და ბაზებზე ყურადღება მიაქციონ, მოახდინონ დისციპლინის აღდგენა ჯარში.
ჩვენ ვნახეთ ბევრი დაწყებული მოკვლევა, ამდენივე მოკვლევას მოჰყვა დაუსრულებელი საქმე. უკვე აღარავის აქვს იმის იმედი, რომ რაღაცას ვიღაც ბოლომდე მიიყვანს. ეს არის სამწუხარო უბედურება. პრობლემების კასკადია, ყოველთვიურად რაღაც ბომბი ფეთქდება შეიარაღებულ ძალებში. ყოველთვიურად რაღაც ახალი დანაშაული ხდება. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია გაქცეულია“, – აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






