მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა. მიუხედავად ამისა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს მაინც გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსი განცხადებების არ სჯერა ოპოზიციას:
„მთავარი დღის წესრიგი ხელისუფლებისთვის იყო ამ კანონის ფორსირებულად მიღება, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, დარჩეს მართლმსაჯულების სისტემაში ხელმძღვანელი გავლენის მქონედ. ერთადერთი დღის წესრიგი რაც აქვს "ქართულ ოცნებას" - არის ის, რომ შეინარჩუნონ კლანის მმართველობა მართლმსაჯულებაში, რაც თავისთავად ემსახურება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესს,“-აცხადებს ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკა - კლანმა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე.
„იმდენად ჩქარობს „ქართული ოცნება“ ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკური ნების დაკანონებას, რომ კლანმა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე, რომ ფაქტობრივად მორიგ ჯერზე დაარღვია საკუთარი პირობა და ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვის გარეშე ჩატარდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. შედეგი ნათელია, ჩვენც სამწუხაროდ მივიღებთ დაკანონებულ სტატუს-კვოს სასამართლოში, სტატუს-კვოს, რომლის მიმართაც სასამართლოში ნდობა არის კრიტიკულად და უაღრესად დაბალი,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






