უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. მსჯელობა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც კითხვებს ბადებს, ის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც, თუ პირს სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ისინი აღნიშნულ მიდგომას არ ეთანხმებიან.
ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ტერმინი - სისტემის ჩინჩალიზაცია.
„გავიხსენოთ 90-იანი წლების საგამოცდო სისტემა. როდესაც სტუდენტებს, აბიტურიენტებს თავიანთი კომპეტენციის მიხედვით კი არ აფასებდნენ, ასე არ შეაფასებს ლევან მურუსიძე კანდიდატებს კომპეტენციის მიხედვით, როდესაც გადაწყვეტს ხელი მოაწეროს თუ არ მოაწეროს ამა თუ იმ კანდიდატის საგამოცდო ფურცელზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. ტესტების სკანდალი შეახსენა:
„თქვენი ხელისუფლების დროს ტესტების პასუხებმა გაჟონა და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული პროკურატურაში გამოძიება. ეს ტესტები, რომელიც თქვენ აქ ჩაწერეთ, როგორც სავალდებულო, არის დისკრედიტირებული,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






