ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მოიცავს, პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ ელოდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენაზე გატანა მხოლოდ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.
„ვენეციის კომისია არის საქმის კურსში ვადებთან დაკავშირებით, ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, იმისთვის, რომ პარასკევამდე მოგვესწრო ამ კანონპროექტის მიღება. შესაბამისად, ჩვენ ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის მათი დაპირება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ მათი რეკომენდაციები კანონპროექტში. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ იქნება კანონპროექტის მიღება,“- აცხადებს კობახიძე.
კითხვაზე, თუ რატომ ჩქარობს უმრავლესობა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მმართველი გუნდის გარდა ყველა ეწინააღმდეგება, კობახიძე პასუხობს, რომ უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის მხოლოდ ათი მოსამართლეა, ივნისში კი მათი რაოდენობა რვამდე შემცირდება.
როგორც კობახიძე ამბობს, სწორედ ამიტომ სურდათ, რომ კანონპროექტი ორი კვირის წინ მიეღოთ, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






